ახალქალაქში 15-მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხის, სადღესასწაულო გირლიანდების შესყიდვას, ასევე ნაძვის ხის ტრანსპორტირების, მონტაჟისა და მორთვის მომსახურების შეკვეთას გეგმავენ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს. შესყიდვის ტენდერი 2026 წლის 23 ოქტომბერს გამოცხადდა, განაცხადების მიღება კი 2 ნოემბერს დასრულდება. მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება და გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოფს. ტექნიკური დავალების მიხედვით, ნაძვის ხე ხელოვნური, კონუსისებრი ფორმის, 15 მეტრის სიმაღლისა და 6,5 მეტრი დიამეტრის ძირის მქონე უნდა იყოს. მეტალის კონსტრუქცია დაფარული უნდა იყოს ანტიკოროზიული მწვანე საღებავით და აღჭურვილი უნდა იყოს მეტალის სამაგრებით (კრონშტეინებით). პროდუქტის მოთხოვნებს შორის ასევე მითითებულია წყალგაუმტარობა და აალებადობისადმი მდგრადობა (ცეცხლგამძლეობა). სადღესასწაულო გაფორმებისთვის გათვალისწინებულია რამდენიმე სახეობის განათების (გირლიანდების) შესყიდვა. კერძოდ, დაგეგმილია 5 მეტრის სიგრძის, წყლის ეფექტის მქონე გირლიანდების შეძენა, რომლებიც აღჭურვილია 10 ნათურით და გაჩნია IP65 დაცვის ხარისხი. ისინი განკუთვნილი უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის, ჰქონდეთ რეზინის დაფარვის მქონე კაბელი, იყოს წყალგაუმტარი და ყინვამედეგი. ასევე გათვალისწინებულია თბილი და ცივი თეთრი ნათების მქონე სინათლის ელემენტები. გარდა ამისა, შესყიდვის ჩამონათვალში შედის 10 მეტრის სიგრძის შუქდიოდური (LED) გირლიანდა-შნურები ღია ცის ქვეშ გამოყენებისთვის. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ნაძვის ხისა და მასალების ტრანსპორტირება ახალქალაქში, მათი სათანადო შეფუთვა, აგრეთვე ხის დამონტაჟება და გირლიანდებით მორთვა შემკვეთთან შეთანხმებით. ყველა საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხიანი და უხმარი. პროდუქციაზე გარანტიის ვადა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან არანაკლებ ექვს თვეს უნდა შეადგენდეს. ტრანსპორტირებისა და მონტაჟისას მიმწოდებელი ასევე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები. ბოლოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 10-მეტრიანი ნაძვის ხე 2025 წელს შეიძინა, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 72 250 ლარი დაიხარჯა.