ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საბავშვო ბაღის მუშაობის დაწყება 1 დეკემბრისთვის იგეგმება. თავდაპირველად მისი გახსნა 15 სექტემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა ვადები არაერთხელ გადაიდო საჭირო აღჭურვილობის მონტაჟის დაგვიანებისა და გაზმომარაგებასთან და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ მოწოდებული ავეჯი და ინვენტარი უკვე ადგილზეა, საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მისაღებად ჯერ არ არის მზად. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები ამჟამად გვარდება. „პრობლემები შეექმნა ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიას. ახლა წყდება შესაბამის ქსელებთან მიერთებისა და აბონენტად გაფორმების საკითხი. მერიამ უკვე ყველაფერი გადაიხადა. ვიმედოვნებთ, რომ 1 დეკემბრისთვის გავხსნით“, — განაცხადა ანაიდა ასატურიანმა. მისივე თქმით, სოფელ კორხის საბავშვო ბაღი 30 ბავშვზეა გათვლილი. თუმცა, შემოსული განაცხადების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, დაწესებულება 50-მდე სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. აღმზრდელები და სხვა პერსონალი ჯერ შერჩეული არ არიან. ამასთან, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, სხვადასხვა პოზიციაზე დიდი რაოდენობით განაცხადია შემოსული. კანდიდატების შერჩევა, სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირაში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის ამჟამინდელი შენობა სოფლის ქველმოქმედთა ინიციატივის წყალობით შეისყიდეს და საკუთრებაში გადაიყვანეს. მათ არა მხოლოდ შეიძინეს შენობა, არამედ საკუთარი სახსრებით ჩაატარეს მისი კაპიტალური რემონტიც: აღადგინეს კედლები და სახურავი, ააშენეს საჭირო ტიხრები და ტერიტორია საბავშვო ბაღის განთავსებისთვის მოამზადეს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა მუნიციპალიტეტს გადაეცა შემდგომი ორგანიზაციული და მოსამზადებელი ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც დაწესებულების ამოქმედებისთვის იყო საჭირო. საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 785 178 ლარი გამოყო.