ახალქალაქში ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა 8 გუნდი, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციასა და ქალაქ ახალქალაქის ნაკრებს წარმოადგენდნენ. შედეგად, მუნიციპალიტეტის ჩემპიონი ქალაქის ნაკრები — „ჯანმრთელობის კლუბი“ გახდა. ნახევარფინალი და ფინალი დღეს, 8 ოქტომბერს, ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის სტადიონზე გაიმართა. ნახევარფინალში ერთმანეთს Energo Pro Georgia-სა და საკრებულოს გუნდები, ასევე „ჯანმრთელობის კლუბი“ და სპორტული სკოლისა და სპორტკომპლექსის გაერთიანებული გუნდი დაუპირისპირდნენ. შედეგად, ფინალში „ჯანმრთელობის კლუბი“ და საკრებულოს გუნდი შეხვდნენ, სადაც ანგარიშით 1:0 „ჯანმრთელობის კლუბმა“ გაიმარჯვა. ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატის პირველი ტური 5 ოქტომბერს ჩატარდა. ნახევარფინალი და ფინალი 6 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ცუდი ამინდის გამო თამაშები 8 ოქტომბრისთვის გადაიდო. გამარჯვებულებს მედლები, თასი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.