„საბოლოო ჯამში, ციფრული ფული ორლესული ხმალივითაა-ერთ მხარეს უზარმაზარი სიკეთეა, ხოლო მეორე მხარეს სერიოზული საფრთხეებია”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე შეფასებით, ციფრული ლარის გამოშვება კიბერუსაფრთხოების რისკებსა და არადემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ფინანსებზე კონტროლის დამყარებას უკავშირდება. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთრომან გოცირიძის „ფეისბუქ“ პოსტს: „საბოლოო ჯამში, ციფრული ფული ორლესული ხმალივითაა-ერთ მხარეს უზარმაზარი სიკეთეა (მყისიერი სიჩქარე, დაბალი დანახარჯები და გლობალური ხელმისაწვდომობა), ხოლო მეორე მხარეს – სერიოზული საფრთხეები: კიბერუსაფრთხოების რისკები და არადემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ფინანსებზე კონტროლის დამყარება. სახელმწიფო (ცენტრალიზებულმა) ციფრულმა ვალუტამ არადემოკრატიულ რეჟიმებს შეიძლება მისცეს ბერკეტი, აკონტროლონ მოქალაქეთა თითოეული ტრანზაქცია, შეზღუდონ ფინანსური თავისუფლება ან თუნდაც „გამოურთონ“ ფინანსებზე წვდომა არასასურველ პირებს. ამასთან, ციფრული ფულის შემოღება არ ნიშნავს ტრადიციული ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების გაუქმებას – ის მხოლოდ მათ გვერდით არსებული დამატებითი არჩევანია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო დონეზე მუდამ იყოს გარანტირებული როგორც ქაღალდის ფულის, ისე ტრადიციული საბანკო ანგარიშსწორების შეუფერხებელი არსებობა. ცხადია, პანიკის დათესვა საჭირო არ არის – ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არ უნდა იქცეს ისეთ აბსტრაქტულ შიშებად. თუმცა, რეალური რისკებისგან თავის დასაცავად საჭიროა მტკიცე კონსტიტუციური გარანტიები, სიფრთხილე და აუჩქარებლობა. პროცესს სჭირდება ტექნოლოგიური უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა, გონივრული რეგულირება და მომხმარებლის ციფრული განათლების ამაღლება. საქართველოში ეროვნული ბანკის ციფრული ფულის დანერგვა არ არის უახლოესი მომავლის საკითხი. თუ რა უნდა გაკეთდეს მისი შემოღების პროცესში, ამაზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ,“ – წერს რომან გოცირიძე.